თეა ახვლედიანმა ლიეტუვის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

21 მაისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ლიეტუვის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან - ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველთან არტურ ლიუდკოვსკისთან და ლიეტუვის მთავრობის ეროვნულ უმცირესობათა დეპარტამენტის დირექტორთან ვიდა მონტვიდაიტესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდა ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.
 
თეა ახვლედიანმა სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. ლიეტუვის მხარის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის საკითხები და აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და მექანიზმები. მან ვრცლად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე, გააცნო ინტეგრაციის ის უნიკალური ინსტრუმენტები, რაც წლებია წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობას, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. სახელმწიფო მინისტრმა ლიეტუვის რესპუბლიკის წარმომადგენლებს გააცნო ახალი სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული ინიციატივები და ღონისძიებები.
 
თავის მხრივ, ლიეტუვის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნეს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
მხარეები სამოქალაქო ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.