შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის „ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყ

22 მაისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის „ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
 
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტში ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით განხორციელებული პროექტის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, განსაკუთრებით მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის საჭიროებისამებრ მშობლიურ ენაზე სახელმწიფო სერვისებისა პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და ამ პროცესში გამორჩეულად შეაფასა პროექტის მონაწილე ახალგაზრდების როლი.
 
„სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ბუნებრივია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება. ამასთან, პარალელურად იმ რეგიონებში და განსაკუთრებით მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი ქართული ენის ცოდნის დონე, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამების და მომსახურებების თაობაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიის პროექტს იურიდიული დახმარების შესაძლებლობების თაობაზე ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. მინდა გამოვყო, გამოვარჩიო ახალგაზრდების ჩართულობის როლი ამ პროექტში, რომლებმაც მრავალი შეხვედრა გამართეს შესაბამის რეგიონებში თავიანთ თანატოლებთან, პედაგოგებთან, რწმუნებულებთან და თემის ლიდერებთან. მადლობას ვუხდი იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობით გახორციელდა ეს პროექტი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ს, ისევე როგორც საქართველოს გაეროს ასოციაციას თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის, ადამიანის უფლებების და მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თამარა სირბილაძემ.
 
საინფორმაციო კამპანიის პროექტი „ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა“ განხორციელდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის” (PITA) მხარდაჭერით. სპეციალური გადამზადების შემდგომ ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების 11 მუნიციპალიტეტში ჩაატარეს 30-მდე შეხვედრა, 16 სოფლის მაცხოვრებელ 500-მდე ბენეფიციარს მიაწოდეს ინფორმაცია უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების შესახებ. შეხვედრები ჩატარდა სოფლების რწმუნებულებთან, პედაგოგებთან, თემის ლიდერებთან, ახალგაზრდებთან.
 
საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.