შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) მხარდაჭერით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ქალებმა, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშვიდობო პროცესსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აპარატის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ქალთა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამუშაო ჯგუფი მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მოხსენებით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, რომლებმაც ყურადღება ერგნეთის მექანიზმის ფარგლებში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული შეხვედრების შედეგებზე გაამახვილეს.
ძირითადი მოხსენებების შემდეგ გამართული დისკუსიის ნაწილში ვრცლად იქნა განხილული ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით გამოწვეული შეზღუდვები, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები.
ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ და სხვა საკითხების გარშემო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, ასევე მათი საჭიროებების გათვალისწინებისთვის მზადყოფნა.