შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარადაჭერილი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებს ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ პროგრესზე და ამ პროცესში ამერიკელი პარტნიორების აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერაზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა პროგრამის როლი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების, განხორცილებისა და შეფასების მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, რაც მიზნად ისახავდა სამოქალაქო თანასწორობის განმტკიცებას, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაუმჯობესებასა და კულტურული მრავალფეროვნების წახალისებას.
„დასასრულს მიუახლოვდა ტოლერანტობის, ცნობიერების ამაღლებისა და ინტეგრაციის პროგრამა PITA, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მხარდაჭერის უკან ბუნებრივია დგას ამერიკის შეერთებული შტატები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფო პოლიტიკა სამოქალაქო თანასწორობის და ინტერგაციის საკითხებზე. წლების განმავლობაში, აღსანიშნავია, კონკრეტული შედეგები, რომლებიც უკვე თვალსაჩინოდ აისახა ჩვენ პოლიტიკაზე; ისევე როგორც განაგრძობს ამ დადებითი ეფექტის გავრცელებას მისი შემდგომი განხორციელების პროცესზე. საქმე ისიცაა, რომ ამ პროგრამის ამოქმედება დროში დაემთხვა პირველი სახელმწიფო სტრატეგიის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის საკითხებზე შემუშავების და დამტკიცების პერიოდს, ეს იყო 2015 წელს. მას შემდეგ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ვახორციელებთ და ვაფასებთ პროცესს. სწორედ ამ შეფასებების საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სტრატეგია შემდეგი 10 წლისთვის.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა PITA-ს ხელშეწყობით სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ინკლუზიურობის, ფართო საზოგადოების ჩართულობის მონაწილეობა. მთელი ეს პროცესი, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების ჩათვლით, მიმდინარეობდა როგორც ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, ასევე, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორების უშუალო მონაწილეობით. წამოიწყო არაერთი ერთობლივი ინიციატივა, რადგან PITA ხელს უწყობდა ამ პროცესს არა მარტო ფინანსურად, არამედ შინაარსობრივადაც. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ცნობიერების ამაღლების პროექტები როგორც გენდერული თანასწორობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საგანმანათლებლო შესაძლებლობების თუ სხვა თემებზე; აქ შედეგების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. დიდი იმედი გვაქვს, რომ დონორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობა და დიალოგი გამოიღებს იმ შედეგსაც, რომ აუცილებლად გაგრძელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერა,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.