შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან.
სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს როლის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აპარატის საქმიანობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის საბჭოს მხრიდან ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, მათ შორის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანმა თანამომხსენებლებს ასევე გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. ახალი სახელმწიფო სტრატეგიის თაობაზე, რომლის დამტკიცება მთავრობის მიერ უახლოეს პერიოდში იგეგმება.
საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ძალზე დადებითად შეაფასა აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით მიღწეული შედეგები და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს მტკიცე მხარდაჭერა.