თეა ახვლედიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრა გამართა

15 ივნისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მისი პირადი ჩართულობისთვის გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათვმჯდომარეობის გზით.
 
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. თეა ახვლედიანის მხრიდან ხაზი გაესვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მიმართა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, რათა გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის ხელთ არსებული ბერკეტები და მექანიზმები, რათა მოხდეს ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება.
 
მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. ამასთან, გამოითქვა გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების იმედი, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.
 
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას. სახელმწიფო მინისტრმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო პროცესში შემუშავებული ახალი ინიციატივების თაობაზე. ამასთან, აღინიშნა სამშვიდობო პროცესში ქალთა აქტიური ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობა და ამ მიმართულებით აპარატის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები.
 
თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
 
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2021-2030წწ. ახალ სახელმწიფო სტრატეგიაზე და აღნიშნულ კონტექსტში მადლიერებით აღნიშნა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობა მისი შემუშავების პროცესში.
 
მხარეები ამ და სხვა საკითხებზე შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
„ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერგნეთის მექანიზმში. სწორედ ამ კონტექსტში ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მთავრობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, როგორც განხორციელებული ასევე დაგეგმილი ნაბიჯები, მათ შორის ახალი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ჰელგა შმიდი მოგეხსენებათ დღეს ესწრებოდა IPRM-ის მეასე შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმნიშვნელოვანეს საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებული თემატიკა. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ყველა ამ მიმართულებით შესაძლო სამომავლო ერთობლივ ნაბიჯებზე, რაც რა თქმა უნდა ორიენტირებულია ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.