შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან ენდრიუ შოფერთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობის, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გზით.
შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ უმკაცრეს შეზღუდვებსა და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე. აღნიშნულ კონტექსტში. თეა ახვლედიანმა მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის მხარის ძალისხმევა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას საქართველოს ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, მხარეების მიერ ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას გააცნო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და სამშვიდობო პროცესში შემუშავებული ახალი ინიციატივები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, აშშ-ის დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, ახალი ინიციატივები და ქართულ მხარეს სამშვიდობო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.