ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია.

14 ივლისი 2021
 
"პირველ რიგში მინდა მივულოცო თავად ზაზას და მის ოჯახს, უკანონო პატიმრობიდან ერთი წლის შემდეგ მისი გათავისუფლება. ნამდვილად სასიხარულო ფაქტია. მივესალმები პირველ რიგში იმას, რომ მოლაპარაკებების და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ამ საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ისეთი ფორმატები როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
 
რასაკვირველია, აქ აღსანიშნავია ის კონსოლიდირებული ძალისხმევა და დაუღალავი ყოველდღიური შრომა, რაც სახელმწიფოს ყველა შესაბამისმა უწყებამ გასწია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის ილია II-ის უშუალო ჩართულობით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამთავრობო ძალისხმევა და მთლიანად ეს პროცესი მიმდინარეობდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ხელმძღვანელობით და ჩართულობით, რამაც უდაოდ დიდი როლი შეასრულა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ყველა იმ პარტნიორს და კოლეგას, ვინც მონაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა ამ შედეგის მიღწევაში.
 
ხაზგასმით არის აღსანიშნავი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი, მათი უმნიშვნელოვანესი შუამდგომლობის პროცესი და მხარდაჭერა. ასეთივე კონსოლიდირებული, ერთობლივი ძალისხმევით განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი დარჩენილი მოქალაქეები, ვინც დღესდღეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუა ჯანმრთელები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.