''იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი''

27 ივლისი 2021
თეა ახვლედიანი: "იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო".
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
 
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და კომისიის წევრებს სიტყვით მიმართა. მან მიმოიხილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროგრამის წარმატებით გაგრძელების უაღრესად დიდი მნიშვნელობაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის, მათი ოჯახების მხარდაჭერის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
 
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები. კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას, ხაზი გაესვა მოძიების პროცესის ეფექტურობის ერთობლივად, შემდგომი გაუმჯობესების საჭიროებას, რომ მაქსიმალურად სწაფად მოხერხდეს გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების დახმარება. ამ კონტექსტში, აღინიშნა და განხილულ იქნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტრატეგიული კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც, მათ შორის, ხაზს უსვამს შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციის, პროგრამის განხორციელების ეფექტიანობისა და შესაბამისი სამუშაოების ტემპის გაზრდის მნიშვნელობას.
 
„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ ეტაპისთვის მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის კონკრეტულ გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შემდგომი განხორციელება, მისი ეფექტიანობის გაზრდა იმისთვის, რომ დარჩენილი 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გაურკვევლობაში მათი ახლობლების ხვედრის და ადგილსამყოფელის თაობაზე, რომ დავასრულოთ ეს მოლოდინი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს პერიოდში განხორციელდება“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
უწყებათაშორისი კომისია 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. პროცესში ჩართული უწყებების ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს 1990-ანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციის და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი. ამ დრომდე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის შედეგად, იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 206 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი.