თეა ახვლედიანი: მზად ვართ ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას

4 აგვისტო 2021
"შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს. ამ დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება და არაფორმალური თანამშრომლობის გაფართოება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების იზოლაციისა და ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ქმედებებს..
 
გარდა ამისა, ჩვენი ძალისხმევა, იქნება ეს ნდობის მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მიზანმიმართული პროგრამების განხორციელება, თუ საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა, მიზნად ისახავს სწორედ სახალხო დიპლომატიის და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას.
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ დარგობრივი და პროფესიული თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას." - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.