შეხვედრაზე საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიეწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესისა და უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შედეგების თაობაზე. განხილულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი ჩართულობის სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, გალისა და ახალგორის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციების შემუშავების პროცესი, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები, „მშვიდობის ფონდის უკეთესი მომავლისთვის“ საქმიანობა და სხვა აქტუალური საკითხები.
შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და ამ კუთხით დაწყებული ახალი ინიციატივები. ამასთან, ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ რეგიონებსა და გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში დარჩენილ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
სახელმწიფო მინისტრი და საკონსულტაციო საბჭოს წევრები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ანალიზის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების განხილვის, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ექსპერტული მოსაზრებების გაზიარების მიზნით შეიქმნა. მისი პირველი შეხვედრა 2021 წლის 28 მაისს გაიმართა.