შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სპეციალური სტუმრის სტატუსით, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით გამართულ ვებინარში: „ოკუპაცია, როგორც ქვეყნის მთავარი გამოწვევა“ მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ დისკუსიაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ უმკაცრეს შეზღუდვებსა და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, მათ შორის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანმა თანამომხსენებლებს ასევე გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის გაღრმავებას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
აღნიშნულ შეხვედრას მოდერაცია გაუწია ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა. ღონისძიებაში თანამომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა, ასევე ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა ხათუნა ბურკაძემ.