შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს გორშიც. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
„დღევანდელ დღეს გორიდან პირველ რიგში მსურს პატივი მივაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. 13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიით და ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, ამავდროულად ხაზგასასმელია, რომ ძირი გამოუთხარა, მნიშვნელოვნად შეარყია უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ეს იყო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის და ამბიციების აშკარა გამოვლინება და მცდელობა, რომ შეინარჩუნოს საკუთარი გავლენის სფეროები რეგიონში და შეზღუდოს დამოუკიდებელი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული არჩევანის სუვერენული უფლება. საუბედუროდ, დღემდე რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მათი ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს, რაც დღემდე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას. ამ გამოწვევის და მიმდინარე ოკუპაციის საპასუხოდ საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით და თანამშრომლობით ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თანმიმდევრული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა, რომლის დეოკუპაციის მიზნებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელოვნური ბარიერების და კედლების დანგრევა, ადამიანების შერიგება, რისკენაც მიმართულ ჩვენს ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივებით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.