COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანიის მორიგი ეტაპი დაიწყო
სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამჯერად ვაქცინაციის პროცესის შესახებ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია. თეა ახვლედიანი სოფელ წოფში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საინფორმაციო ბროშურებთან ერთად სამედიცინო პირბადეები გადასცა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი და სრული ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის შესახებ.
„კოვიდპანდემიის პრევენციის აქტუალურ თემებზე, განსაკუთრებით კი, ამჯერად ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ ვაგრძელებთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის სრული ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების შესაბამისს ღონისძიებებს და კამპანიას. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წოფში, სადაც შევხვდით აქ მცხოვრებ როგორც სომხურენოვან, ასევე აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას. მივაწოდეთ მათ სრული და საჭირო ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და რეგიონის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და შესაბამისი მუციპალიტეტების მერებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ გავავრცელებთ აღნიშნულ ინფორმაციას და განვაგრძობთ ამ ქმედებებს განსაკუთრებით იმ სოფლებში, რომლებიც შედარებით მოშორებით არიან მუნიციპალური ცენტრებიდან და სადაც მოსახლეობას, მათ შორის ენის ბარიერის გამო, შესაძლოა არ ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ხარისხიან ინფორმაციაზე“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და გაეცნო ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას.
თეა ახვლედიანმა ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გადასცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო მასალები, რომლებიც გავრცელდება ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობას ნაკლებად აქვს წვდომა ინფორმაციაზე.