შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან რეინ ტამსაართან, საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან მარია იუფერევა-სკურატოვსკისთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის ხემძღვანელთნ მარკო მიჰკელსონთან და პარლამენტის წევრებთან გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან ესტონურ მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრებზე ვრცლად იქნა განხილული რუსეთის უკანონო პოლიტიკა რეგიონში, მათ შორის საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თეა ახვლედიანმა ესტონელ კოლეგებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის თაობაზე, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა. ამავე კონტექსტში, მან აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევა და სამომავლო გეგმები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ჩაკეტვით ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაფიო პოზიციისა და რეაგირების გაგრძელების აუცილებლობას საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების აღდგენის და უკანონოდ დაკავებული პირების - გენადი ბესტაევისა და ირაკლი ბებუას დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელების აუცილებლობას.
შეხვედრებზე საუბარი ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას შეეხო. თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
ესტონელმა კოლეგებმა ძალზე დადებითად შეაფასეს ქართული მხარის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ამ კუთხით საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
მხარეები ამ და სხვა მიმართულებებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევა-მარია ლიიმეტსთან, ასევე, ესტონეთის პრეზიდენტისა და ლენარტ მერის კონფერენციის დირექტორის მოწვევით, მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციში სახელწოდებით „ჩემი მეზობლის პრობლემა დღეს - ჩემია ხვალ“ („My neighbour’s problem today – mine tomorrow“).
კონფერენცია 1992—2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტის, ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ლენარტ მერის სახელს ატარებს. ღონისძიება ესტონეთის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ექსპერტები, ასევე სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იღებენ.