სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„ერთადერთი საშუალება დღესდღეობით კოვიდინფექციის დაძლევის არის ვაქცინაცია და სწორედ ამიტომ ჩემი საკუთარი და ჩემ გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის დღეს მე მეორე დოზით ავიცერი თელავში, კახეთის რეგიონში ჩემი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი ბავშვები დღესდღეობით ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდებიან თუ ჩვენ ვაქცინაციის გზით არ შევაკავებთ ინფექციას, რადგან მცირე ასაკის ბავშვები მოგეხსენებათ არ ექვემდებარებიან ჯერჯერობით ვაქცინაციას და მათი სულ უფრო მზარდი რაოდენობა ინფიცირდება კოვიდით. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო საქართველოს საზოგადოებას, რომ ავიცრათ ერთმანეთისთვის და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრმა ქალაქ თელავის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათიც აიღო, რომლის მიღებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია ორჯერადად ვაქცინაციის შემდეგ, აცრის დამადასტურებელი QR-კოდით. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე ვაქცინაციის შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალები მიეწოდებათ.