თეა ახვლედიანი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

21 სექტემბერი 2021
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“. ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და გაეროს მუდმივი წარმომადგენელთან საქართველოში საბინე მახლთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ასევე მშვიდობის მშენებლობის პროცესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ. ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვიდეოს საშუალებით მიმართა. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მასში ჩართული იყვნენ სტუდენტები როგორც თბილისის, ასევე გორის, ზუგდიდის და ბათუმის უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ე.წ. 1+4 პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები.
 
თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში ხალხთაშორისი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ ამოცანას და გაცხადებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
 
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სახელმწიფო მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და სამომავლო ხედვების შესახებ. მათ თეა ახვლედიანს გააცნეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები სამშვიდობო პროცესთან და მასში ახალგაზრდების მონაწილეობასთან დაკავშირებით.
 
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპაციიდან გამომდინარე გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა ერთგული რჩება და განუხრელად, მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას; კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა და იმ პროგრამების, სერვისების, ევროინტეგრაციის სიკეთეებისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლითაც სარგებლობს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 
თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.
 
"ყოველ წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვადასხვა თემატური ღონისძიების და ახლებური ინიციატივების გზით ეხმიანება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც 40 წელია უკვე დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 20 წელი ხდება, რაც აღინიშნება გლობალური ცეცხლის შეწყვეტის და ძალის არგამოუყენებლობის მხარდასაჭერად. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ამ სივრცეში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ვიმსჯელოთ ჩვენს ახალგაზრდობასთან ერთად, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებთან ერთად, რადგან მათი ჩართულობა და როლის გაზრდა სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და გამოცხადებული გვაქვს შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დღეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ჩვენ გამოვავლენთ კონკრეტულად ამ დღისადმი მიძღვნილი სლოგანების კონკურსის გამარჯვებულებს, ასევე დავააანონსებთ ერთ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან ინიციატივას ახალგაზრდობისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდოს დაარსების თაობაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაარსდება და ამოქმედდება," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.