სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის მშენებლობის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს სახელწოდებით - „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ (SMR Peace Award for Youth).
ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.
ჯილდოს მიღება, პირის ან პირთა ჯგუფის წარდგინების საფუძველზე, შეეძლება ნებისმიერ ახალგაზრდას (18-დან 29 წლამდე), ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც:
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის თემაზე ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას (აწარმოებს კვლევებს ან/და წერს ნაშრომებს);
მონაწილეობს ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის პროექტებში, ან თავად ახორციელებს მსგავსს ინიციატივებს;
დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, ან აქტიურად ხელს უწყობს მსგავსი დახმარების მოზიდვას;
ჩართულია სამოქალაქო აქტივობაში მშვიდობის მშენებლობის მიზნით.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2022 წლიდან გაიცემა.