თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან

22 სექტემბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან.
 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დელეგაციისთვის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
 
სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიმართულებით.
 
თეა ახვლედიანმა ვრცლად ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და მათ სავალალო შედეგებზე, უკანონო დაკავებების ფაქტებზე, ახალგორის რაიონში ე.წ. „გადასასვლელების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, ასევე გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ეთნიკური დისკრიმინაციის შეწყვეტის მიზნით.
 
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ევროსაბჭოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობასა და ნდობის აღდგენას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
 
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის, მათ შორის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.