სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გახსნეს

23 სექტემბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა სევერინ შაპაზმა თბილისში, თამარაშვილის ხეივანში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გახსნეს, რომელიც 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიებას დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, უგზო-უგზო უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში ჩართული უწყებები ესწრებოდნენ.
 
სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძების პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და პირველ რიგში ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. თეა ახვლედიანის განცხადებით, თითოეული ოჯახისათვის მნიშვნელოვანია სიმბოლური/მემორიალური ადგილის ქონა, ასევე მათ პრობლემაზე ფართო საზოგადოების ინფორმირება და თანადგომა.
მემორიალის პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაფინანსებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
 
„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატვასთან ერთად, საქართველოში 90-იანები წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თბილისის მემორიალის გახსნას ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს; პირველ რიგში მათი ოჯახებისთვის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ზოგადად ამ პრობლემის თემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით სახელმწიფოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის განხორციელების შედეგებზე. მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ასოციაცია „ნდობას“ ჩვენი უგზო-უკვლოდ დაკარგული თანამოქალაქეთა ოჯახების ინიციატივის და სურვილის თანადგომისთვის და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა უკვდავყოფა ამ მემორიალით,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.