შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა კაირატ აბდრახმანოვმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე, მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის ივლისში დამტკიცდა 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მომზადების პროცესშიც მნიშვნელოვანი იყო უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობა, რაც ითვალისწინებდა დოკუმენტის საერთაშორისო ექსპერტიზის უზრუნველყოფას. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის განგრძობადი მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
თავის მხრივ, უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს აღნიშნული პოლიტიკის მხარდაჭერა. მან ასევე სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია უმაღლესი კომისრის ოფისის თემატური საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდეგ განვითარებასა და გაღრმავებაზე.