შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.

25 სექტემბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამაცვილდა თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზე და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას გათავისუფლების აუცილებლობაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და 12-13 ოქტომბერს დაგეგმილ რიგით 54-ე რაუნდზე განსახილველ საკითხებზე.
 
სახელმწიფო მინისტრმა გაერო-ს თანათავმჯდომარეს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების შედეგები და მშვიდობის მშენებლობის კუთხით შემუშავებული სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამშვიდობო პროცესში ქალთა და ახალგაზრდათა როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. გაერო-ს დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა სამშვიდობო პროცესში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.