თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

27 სექტემბერი 2021
„დღევანდელი თარიღი განასახიერებს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მტკივნეულ, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აფხაზეთის მკვიდრთა განუზომელი დარდის, ადამიანური ტრაგედიებითა და მსხვერპლით გამოწვეული განუზომელი ტკივილის, ასიათასობით დევნილის განსაცდელის და ჩვენი უამრავი თანამოქალაქის ცრემლიან ისტორიას. დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელთა ღვაწლი გაწეული ქვეყნის ერთიანობისთვის ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომით და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას, საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
 
მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.