თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

20 ოქტომბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც უწყებასთან არსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრები არიან.
 
შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის, კერძოდ, მისი პირველი - შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპის განხილვა წარმოადგენდა. მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტზე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს სტრატეგიული გადახედვის პროცესსა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს, ამასთან წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით.
 
საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.
 
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ - ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესში.