თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან შეხვედრა გამართა

3 ნოემბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა EUMM-ის როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა; თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ასევე ნდობის აღდგენის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
 
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელიც პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე, უკანონო დაკავებების ფაქტებზე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, ასევე გალის რაიონში მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ერგნეთის ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების, ასევე გალის მექანიზმის აღდგენის აუცილებლობას.
 
სახელმწიფო მინისტრმა EUMM-ის ხელმძღვანელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობაზე, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში სტრატეგიის განხორციელების შეფასების დოკუმენტი მომზადდა.
 
თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ძალზე დადებითად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქართული მხარის ძალისხმევა და ამ კუთხით სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
 
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.