აღსანიშნავია, რომ გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რასაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით.
დავიწყებ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკით: როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენი მტკიცედ არჩეული 2-განზომილებიანი სამშვიდობო პოლიტიკა, ერთი მხრივ, მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ; მეორე მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. სწორედ ამ განზომილებაზეა ორიენტირებული შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა, რომლის განხორციელების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამივე მიმართულების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე.
ამ კუთხით, გამოწვევებით აღსავსე პანდემიური წლის მიუხედავად, დაარსდა და სრულფასოვნად ამოქმედდა უნიკალური ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი“, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული ორი საგრანტო კონკურსის შედეგად, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდა 100-ზე მეტი კვალიფიციური განაცხადი, რომელთაგან 50-მდე ბიზნეს პროექტი დაფინანსდა და უმეტესება უკვე წარმატებით ხორციელდება. ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ადასტურებს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის მთავრობებს ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
მზარდი ინტერესის გათვალისწინებით მომავალ წლებში, ჩვენ ვგეგმავთ განვავითაროთ ვაჭრობის ხელშეწყობის პროცესი და უზრუნველვყოთ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომაც, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის, DCFTA-ს ფარგლებში