გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა, სამედიცინო საშუალებების მიწოდების, ცნობიერების ამაღლების, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების ჩათვლით. რაც ყველაზე მთავარია - მიმდინარეობს კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა, ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს. ამ მიზნით, რეკორდულად სწრაფ დროში აღიჭურვა და ამოქმედდა რუხში არსებული კლინიკა.
გაწეული ძალისხმევის შედეგად ასევე შესაძლებელი გახდა:
- პაციენტების მართვა საველე ჰოსპიტალში ენგურის ხიდთან;
- დახმარების გამოყოფა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული 247 სტუდენტისთვის;
- COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული სქემის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე გამარტივებული წესით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ე.წ. გადასასვლელის ხანგრძლივი ჩაკეტვის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, მოხერხდა ჰუმანიტარული კორიდორის ამოქმედება, პირველ ეტაპზე პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ენგურის ხიდთან პენსიისა და სხვა შემწეობის, ასევე სააფთიაქო მომსახურების მისაღებად.
ისევე როგორც - შევძელით აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად.
გადასასვლელის ეტაპობრივი გახსნის შედეგად აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე აღდგენილია მიმოსვლა, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს.
აფხაზეთის რეგიონში საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-ზე მეტი ახალი პროექტი.
ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ თუ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა არხის გამოყენებით, დავადასტურეთ და ახლაც ვაცხადებთ მზაობას ანალოგიური დახმარება გავუწიოთ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, თუმცა ცხინვალის დესტრუქციული მიდგომის და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან იმისთვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება.