შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც - ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საარქივო მასალების გაცვლის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს.
გარდა ამისა, ჩვენი ძალისხმევა, იქნება ეს ნდობის მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, თუ საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა, მიზნად ისახავს სწორედ სახალხო დიპლომატიის და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას.
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ დარგობრივი და პროფესიული თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც ხელშესახებ გავლენას მოახდენს მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.