ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის წნეხს. 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის თუ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში.
შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-მდე ოჯახი, გაზიფიცირებულია ჯამში 74 სოფელი, უმაღლესი განათლება დაუფინანსდა 2500-მდე სტუდენტს. განხორციელდა 20-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის არაერთი მასშტაბური პროექტი, განხორციელდა სკოლის შენობების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ 2021 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 82 მლნ. ლარს აღემატება.
მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათებს უკავშირდება, 2020-21 წლებში 22 სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, ასევე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიმდინარე პროცესი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მომდევნო წლისთვის მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფისა და სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიით განპირობებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში, 3,400-მდე ოჯახს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მარტოხელა მოხუცებს, გაეწია სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ სოფლების შემდგომი განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.
გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილება - დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა. ამ მიმართულებით შესაბამისი აქტივობები უკვე დაწყებულია.