კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გავზარდოთ კონფლიქტის მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას. აქვე, მადლიერებას გამოვთქვამ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების და ინიციატივების მხარდაჭერისთვის.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კომპეტენციის ფარგლებში ინტენსიურად იყენებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები, აღდგეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და გაუმჯობესდეს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები.
ჩვენ განვაგრძობთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. სწორედ დღეს ერგნეთში მიმდინარეობს IPRM-ის შეხვედრა, რაც მორიგი შესაძლებლობაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, განვიხილოთ ადგილზე შექმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი მდომარეობა. ასევე, განვაგრძობთ კონსოლიდირებულ ძალისხმევას გალში IPRM-ის შეხვედრების უპირობო აღდგენასთან დაკავშირებით.