წამოწყებული ინიციატივები უდავოდ გაგრძელდება. თუმცა, მემკვიდრეობითობის მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვასთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია ხელისუფლების და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენი ხედვის რეგულარული ადაპტაცია სწრაფად ცვალებად რეალობასთან. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი რეგიონების და მისი მაცხოვრებლების სრულ იზოლაციას დანარჩენი საქართველოსგან, რაც მათ შორის მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს პროცესები ქმნის შემდგომ გამოწვევებს, საჭიროებს მუდმივ ანალიზზე დამყარებულ განახლებულ მიდგომებს, რაზეც ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას, ჩვენი ფასეულობების, რესურსებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
აღნიშნული მიზნით, ჩვენ განვაახლეთ 2011 წელს შექმნილი სამთავრობო კომისიის საქმიანობა სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით და დავიწყეთ ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი. არსებული სტრატეგიის დოკუმენტი აღარ მოდის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან და სრულად ვერ პასუხობს არსებულ საჭიროებებს.
შედეგად, უკვე დასრულებულია 2010 წლის ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც მომზადდა სტრატეგიული გადახედვის პირველ ეტაპზე და მის საფუძველზე, საერთო ძალისხმევით, ვიწყებთ განახლებული სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ასახავს საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
პრიორიტეტი მიენიჭება ქალთა გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდას. მოგეხსენებათ, ქალები არა მარტო განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მისი შედეგების თვალსაზრისით, არამედ მათ ასევე გამორჩეული როლი აკისრიათ კონფლიქტის პრევენციის და ზოგადად სამშვიდობო პროცესებში. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერება, ისევე როგორც კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა საჭიროებების გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შეიქმნა ქალთა საკონსულტაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობით გავაძლიერებთ ძალისხმევას, ამ მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევად.
ამასთან, ჩვენ შევქმენით შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რათა სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიონალ ექსპერტთა მონაწილეობით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და ქმედებები.
მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიას, აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის შერიგების პოლიტიკის განხორციელების და მისი სტრატეგიული გადახედვის პროცესში. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პარლამენტის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ მიღებული სპეციალური რეზოლუციის უდიდეს მნიშვნელობას, ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანი გატარების თვალსაზრისით.