წარმატებული პროგრამებისა და ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება რიგი გამოწვევები სახელმწიფო ენის ცოდნის, ინფორმირებულობის, განათლების, სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის, პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა მიმართულებებით, რომელთა დასაძლევად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში შევიმუშავეთ კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები, რომლებიც თითოეული მიმართულებით უზრუნველყოფს სრულფასოვანი ინტეგრაციის შედეგებს.
შესაბამისად, გრძელვადიანი და შეუქცევადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად, განისაზღვრა პოლიტიკის ხუთი, ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტი:
• სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად;
• ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
• თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა;
• სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია;
• კულტურათაშორისი დიალოგი.
ბუნებრივია, თითოეული მიმართულების აღსრულების მიზნით, დასახული გვაქვს კონკრეტული ამოცანები და მათი გადაჭრის გზები:
პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას, როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პოლიტიკური მონაწილეობის, დასაქმების, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის, სერვისებზე ეფექტიანი წვდომის წინაპირობას. შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებები ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და საჯარო სივრცეში გამოყენების მიზნით, რაც რამდენიმე წელიწადში ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.
ხაზგასასმელია, რომ ახალი ხედვის ფარგლებში, ქართული ენის სწავლება დაიწყება სკოლამდელი განათლების დონეზე, რაც შექმნის ენის სწავლების უწყვეტ საგანმანათლებლო ჯაჭვს, ზრდასრულთა განათლების ჩათვლით. სიახლეა ისიც, რომ ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების ფარგლებში სახელმწიფო ენის პროგრამებს დაემატა საინტეგრაციო კომპონენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე, ბენეფიციარების ასაკის შესაბამისი კონტექსტით.
განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის განგრძობადი ამაღლება, კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტად. აღნიშნული მიზნით განვითარდება საგანმანათლებლო გარემო და სწავლა-სწავლების მიდგომები, რაც განხორციელდება უახლესი სასწავლო სტრატეგიების დანერგვის, არაქართულენოვანი პედაგოგების საუნივერსიტეტო მომზადების და პროფესიული განვითარების, სპეციალური საჭიროებების მოსწავლეების მხარდამჭერი პროგრამების, ახალი სახელმძღვანელოების შექმნისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორენოვანი განათლების ახალი მოდელის დანერგვის გზით, რომლის პილოტირება უკვე დაწყებულია.
სხვადასხვა კვლევების და შეფასებების სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენი ამბიციური ხედვის რეალიზების მიზნით წარმოდგენილი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების შედეგად, კონკრეტულ ვადებში ველოდებით არსებით და ხელშესახებ შედეგებს, რომელთაც ეტაპობრივად მივაღწევთ. დასახული მიზნის თანახმად, 2030 წლისთვის, ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა 99,5%-ს - მათ სრულ უმრავლესობას; ასევე, არსებითად გაიზრდება საკომუნიკაციო ენის ცოდნის დონე ზრდასრულ მოსახლეობაში.