თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობის გასაძლიერებლად დასახულია ნაბიჯები, რომელიც უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს მიმდინარე საჭიროებებს, მათ შორის, თანაბარი საარჩევნო გარემოს განვითარებისა და არსებული საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფორმაციასა და მედიაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რითაც დავუპირისპირდებით ეთნიკურ უმცირესობებზე გამიზნულ დეზინფორმაციას და ხელს შევუწყობთ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ჩვენი თანამოქალაქეების სამოქალაქო აქტიურობას და ერთმანეთთან კომუნიკაციას.
სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტის რეალიზების მიმართულებით სტრატეგია მიზნად ისახავს ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობისთვის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერებას, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის ამაღლებას, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას, საკომუნიკაციო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ჩათვლით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე.
კულტურათაშორის დიალოგთან მიმართებით, სტრატეგიის მექანიზმად განვიხილავთ, ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას, ერთობლივი საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული აქტივობების ხელშეწყობასა და ამ გზით, კულტურათაშორისი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.