თეა ახვლედიანი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ირაკლი ბებუა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ეს საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში.

20 ნოემბერი 2021

უკანონო დაკავებები არის ოკუპაციის თანმდევი ძალიან მავნე და პროვოკაციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი მათ შორის მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის კვლადაკვალ, რომელიც იცით რომ არ შეწყვეტილა გლობალური პანდემიის პირობებშიც კი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეეების უკანონო დაკავებების თემა არის ის ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი და პრიორიტეტი, რა რეჟიმშიც ჩვენ განვიხილავთ ოკუპაციის თანმდევი უკანონო პროცესების შედეგად შექმნილ რეალობას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა ორმხრივი თუ მრავალმხრივი მექანიზმიpს ფარგლებში. ამავდროულად ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს იმისთვის, რომ მოხდეს თოთოეული უკანონოდ დაკავებული მოქალაქის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება.

რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ბებუას საკითხს, თქვენთვის სავარაუდოდ ცნობილია, რომ მისი დაკავების პირველივე წუთებიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, ამოქმედდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულები იყვნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის მონიტორინგის მისია და ეს საკითხი პრიორიტეტულ რეჟიმში დგას თითოეულ შესაბამისს საერთაშორისო პარტნიორთან ორმხრივი შეხვედრებისას თუ საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გვაქვს ასევე კომუნიკაცია ოჯახთან ამ თემებზე, რეგულარულად ვაწარმოებთ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ცხელი ხაზის მეშვეობით. უახლესი ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და დამერწმუნეთ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ირაკლი ბებუა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ჩვენ გვაქვს რწმენა, იმ ქმედებების განხორციელების საფუძველზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რომ ეს საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში და არ მოხდება მისი პოლიტიზება.