თეა ახვლედიანი: ჩვენი მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენი დროებით ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცეს.

20 ნოემბერი 2021

ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, თანამიმდევრული სტრატეგიული განვითარების ხედვა ორიენტირებულია მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და ეფუძნება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, თანასწორი საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის აბსოლუტურად ცალსახად, ამიტომ მსურს გამოვეხმაურო იმ კომენტარებს რომ თითქოს არ არსებობს საკმარისი ხედვა, საკმარისი ძალისხმევა. შესაძლოა არ არსებობს ამ კონკრეტული მოსაზრების მქონე კოლეგებისთვის საკმარისი ინფორმაცია. ყოველთვის ვართ მზად, რომ ვითანამშრომლოთ, გავმართოთ კიდევ უფრო მეტი შეხვედრა, დისკუსია და გავაღრმაოთ ჩვენი კოორდინირებული თანამშრომლობა.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია, რომლის შედეგია ადგილზე არსებული უსაფრთხოების მძიმე ვითარება და მოსახლეობის სავალალო უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება და ეს ახლა უკვე ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ საოკუპაციო ძალას, რუსეთს. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა რათა, კონფლიქტით დაზარალებულ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენი დროებით ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას, ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცეს, არ წაიშალოს ქართული კვალი, შენარჩუნდეს ქართული ენა და დაცული იყოს კულტურული უფლებები. ჩვენი ამოცანაა, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენა მაშინაც კი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დროებით ვერ ახორციელებს ეფექტურ წვდომას ჩვენს განუყოფელ რეგიონებზე.