ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება.

1 დეკემბერი 2021
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება.
 
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარებთან დისტანციურ რეჟიმში შეხვედრა გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში გამოვლენილ საჭიროებებზე საპასუხოდ, შეხვედრაში მონაწილეობდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობაც. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრების ციკლში ზინობიანში მცხოვრები ეთნიკური უდები პირველად ჩაერთნენ.
 
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიულოგიური სიტუაცია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა. იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
 
შეხვედრების ციკლის მიზანია, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც შედარებით დაბალია როგორც ვაქცინაციის ტემპი, შესაბამისად ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი.