თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან.

9 დეკემბერი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ხანგრძლივი ჩაკეტვით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ამჟამად უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას დაუყოვნებელი გათავისუფლების აუცილებლობაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საჭიროებას და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის საბჭოს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
 
თეა ახვლედიანმა თანამომხსენებლებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ახალი დოკუმენტის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცების მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა დოკუმენტის მომზადების პროცესის ინკლუზიურობას და მის შესაბამისობას საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან.
 
შეხვედრის დასასრულს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.