შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილთა დასახლებებს ეწვია.
თეა ახვლედიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებზე, მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზების სიახლოვეს, ისევე როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ასევე საერთაშორისო მექანიზმს და ძალღონეს არ იშურებს, რათა იზრუნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა და საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, რომლის სტრატეგიული გადახედვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობას. სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც არსებული მძიმე უფლებრივ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას.
თეა ახვლედიანი წეროვნისა და ვერხვების საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და მათ საბავშვო ინვენტარი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცა.
"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ვეწვიეთ დევნილთა დასახლებებს წეროვანსა და ვერხვებში, რაც ძალიან აქტუალური და სიმბოლურია დღევანდელ დღეს იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველოს განუყოფელი რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის თანმდევი ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი უკავშირდება სწორედ გამყოფ ხაზებთან, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ურთულეს უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რაც გამოიხატება, როგორც ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისით, ასევე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციითა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებით, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრებაზე წვდომის და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევებით. ჩვენს მოსახლეობას სამწუხაროდ, დღემდე არ აქვს შესაძლებლობა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. ამ ყველაფერზე კი, პასუხისმგებლობა ახლა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკისრება რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას. ადგილობრივ მოსახლეობასთან დღევანდელ შეხვედრებზე ჩვენ ვიმსჯელეთ მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე, ისევე როგორც ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ვინაიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა და როლი ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებში და ნდობის აღდგენის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.