შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

6 იანვარი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაულები მიულოცა.
 
„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად სომეხ თანამოქალაქეებთან ერთად, გავიზიარო შობისა და ნათლისღების უდიდესი სიხარული და მივულოცო მათ ეს ბრწყინვალე დღესასწაულები, რომელთაც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს. ჩვენ გვაერთიანებს, ჩვენს კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში მეგობრული თანაცხოვრების, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ისტორიული გამოცდილება, რასაც ჩვენ ვუფრთხილდებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში. მსურს კიდევ ერთხელ მივმართო და მივულოცო ჩვენს სომეხ თანამემამულეებს ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი, შობისა და ნათლისღების დღესასწაულები და ვუსურვო მათ მშვიდობა, კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატებები.‘’,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.