თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

19 თებერვალი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლადდანიშნული მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სამუშაო ვიზიტით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. ვიზიტი, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით, ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობას და სამომავლო ხედვებზე ერთობლივ მსჯელობას ისახავდა მიზნად.
 
თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი და რუსლან აბაშიძე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ესტუმრნენ, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება. მინისტრები კლინიკის მედპერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.
 
საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, ადგილზე, მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს.
 
„მოგეხსენებათ, მიმდინარეობს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც უპირველესად მოიაზრებს ხარისხიან ჯანდაცვაზე მათი წვდომის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიმართულების შემდგომი განვითარების და გაუმჯობესების მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც ენგურის ხიდზე შევხვდით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე და სწორედ მათ საჭიროებებზე უკეთ მორგებული სამედიცინო მომსახურების შემდგომ დახვეწას ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი მსჯელობა ადგილზე, მათ შორის რუხის მრავალპროფილური კლინიკის მედპერსონალთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ემსახურება, ძირითადად, კოვიდპაციენტების მკურნალობას, მათ შორის, ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.