შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა

22 თებერვალი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
 
სახელმწიფო მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. დღეს ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა. სახელმწიფო მინისტრთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას, პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
 
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ღირსების დაცვისთვის თავგანწირული ვაჟკაცის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ზუსტად ოთხი წლის წინ მისი სიცოცხლე საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. ჩვენ არასდროს შევეგუებით მსგავსს სისასტიკესა და უსამართლობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით, ბრძოლას ოკუპაციასა და მის თანმდევ სავალალო შედეგებთან, რათა პასუხისგებაში მიეცეს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და დამნაშავე ყველა პირი და აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედიები. მე კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ მათ,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.