შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება აფხაზეთის რეგიონში ე.წ.''საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით''

12 მარტი 2022
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
 
ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორ-განზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს.
 
უმთავრეს პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კვალდაკვალ.
 
სწორედ ამას ემსახურება შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა.