შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ჰაიდი გრაუსთან.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვეიცარიის მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებულ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, მის გავლენაზე გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.