თეა ახვლედიანმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) რეგიონალურ დირექტორთან, დენიზ დურანთან შეხვედრა გამართა

19 აპრილი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) რეგიონალურ დირექტორთან, დენიზ დურანთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორის და ჰუმანიტარული მონაწილის, როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
 
მხარეებმა ისაუბრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამის მიღწევებზე, აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ერთობლივი ძალისხმევით, პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესების საჭიროებას, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოხერხდეს გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების დახმარება.
 
მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა და იპოვონ თანამშრომლობის საუკეთესო ოპტიმალური გზა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პროგრამის შემდგომი წარმატებით განხორციელების მიზნით.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი დანიელ მაქსვინი დაესწრნენ.