თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა

19 მაისი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.
 
„ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ და საუბედუროდ დღემდე საქართველოში მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ არაერთი ჩვენი გამორჩეული და ღირსეული მამულიშვილი შეიწირა. 6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუთანაგრძობთ მის ოჯახს, რომელიც უმძიმეს განსაცდელშია ახალგაზრდა ვაჟკაცის უსამართლოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, რაც მთელი ქვეყნის ტკივილიც და ტრაგედიაცაა. ჩვენ მთელი შემართებით, მთელი ენერგიით განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მანამ, სანამ აღსრულდება სამართალი, სანამ დაისჯებიან მკვლელები, სანამ დასრულდება ოკუპაცია და გაერთიანდება ომიტ ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, რის გამოც დაიღვარა ჩვენი გმირების სისხლი“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
 
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.