შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა სემინარის “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს სიტყვით მიმართა

24 მაისი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა სემინარის “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სემინარში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ის სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ უმაღლეს განათლებას.
 
ლია გიგაურმა ახალგაზრდებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და უწყების კომპეტენციაში შემავალი აქტუალური საკითხები დეტალურად გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, ასევე საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების აუცილებლობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ასევე კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნის მნიშვნელობას, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეებისა და სერვისების გაზიარების თვალსაზრისით.
 
სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან დავით ბუჯიაშვილისგან მოესმინათ ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, მისი მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ მსმენელებს ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
კურსის დასასრულს, ახალგაზრდებმა მოწვეული ექსპერტთან, ჰიბრიდული ომების მკვლევარ დავით ძიძიშვილთან ერთად განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის გზავნილები.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უკვე გაიმართა სამი სემინარი. 2021-2022 წლებში ერთდღიანი სემინარების ციკლის ფარგლებში, დაახლოებით 100 სტუდენტის მონაწილეობით, ჯამში 5 შეხვედრა გაიმართება.
 
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.