საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნა ქვემო ქართლის რეგიონში.
ქალაქის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა მიულოცეს.
ადგილზე დილიდან მოეწყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის სპორტული აქტივობებით, კონკურსებით, საბავშვო სპექტაკლებით და შოუებით. დღის განმავლობაში კონცერტი გამართეს ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა.
26 მაისის ღონისძიების კულმინაციისას - 17:10 წუთზე, მარნეულში ქართული ნაციონალური ცეკვის - ხორუმისა და პერფორმანსის თანხლებით, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები საზეიმოდ შესრულდა. ჰაერში კი ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. ღონისძიების ბოლოს კონცერტი ანსამბლ „ალილოსა“ და ბენდ „რეზო და ბავშვების“ მონაწილეობით გაიმართა.