შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრა

8 ივნისი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრა.
 
ვიზიტის ფარგლებში თეა ახვლედიანმა ქვემო ქართლის გუბერნატორსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიღწეულ პროგრესსა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 10-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებშია გაწერილი.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფლების: ნაზარლოს, ქესალოს, ვახტანგისის, სადახლოს, შულავერისა და იმირის მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო აქტუალურ საკითხთა ფართე სპექტრს, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობას, ასევე ახალ ინიციატივებსა და გეგმებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების შესაძლებლობების განვითარებაზეა მიმართული. სახელმწიფო მინისტრმა კი, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები და საჭიროებები მოისმინა.
 
თეა ახვლედიანი ქალაქ მარნეულში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებსაც შეხვდა. თეა ახვლედიანმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებსა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში გაწერილ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებსა და სამომავლო მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე ესაუბრა ქალების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე მათი სოციალური როლის გაძლიერებისა და უფლებების დაცვის მიზნით. „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო პერიოდში, ქალთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, სამეწარმეო და ბიზნეს პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
 
“ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში გავმართეთ შეხვედრები ეთნიკური უმცირესობით მჭიდროდ დასახლებული 6 სოფლის წარმომადგენლებთან, რომელთანაც ვიმსჯელეთ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და მათი მიღწევის კონკრეტულ გზებზე. განსაკუთრებით სოფლად, დიდია ინტერესი ამგვარი შეხვედრების მიმართ, სადაც ჩვენ განვიხილავთ მოსახლეობის საჭიროებებს და მათ მოსაზრებებს მათთვის აქტუალურ თემებზე. ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა ასევე მარნეულის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებთან, ჩვენი პოლიტიკის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისევე როგორც საზოგადოებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში მათი მონაწილეობის გაუმჯობესება,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.