შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისპროცესში. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მხარეები სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„მოგეხსენებათ ჩვენ შარშან დავიწყეთ ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარე უფრო ფართე პროცესის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების განახლებული სტრატეგიული ხედვის განვითარების ნაწილია და მის ერთ-ერთ დეპოლიტიზირებულ, ადამიანზე ორიენტირებულ განზომილებას წარმოადგენს. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, განსაკუთრებით, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაში ევროკავშირის როლიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვნად ვთვლი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას და თანამშრომლობას. სწორედ ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლებთან ჩემი დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, რომლის დროსაც ჩვენ განვიხილეთ ჩართულობის და შერიგების განახლებული სტრატეგიული პრიორიტეტები და ხედვები,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.