გაიმართა ტრენინგ-სემინარი თემაზე: დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად

18 ივლისი 2022
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, და ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგ-სემინარი თემაზე: დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად.
 
ტრენინგ-სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა, ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალამებელი სიტყვით მიმართეს - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.
ტრენინგი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მომუშავე ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონული ჟურნალისტები სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის ზეგავლენის ნეგატიურ შედეგებს გაეცნენ და მათი გავრცელების პრევენციის სტრატეგიებზე იმსჯელეს.
 
თეა ახვლედიანმა მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე სტრატეგიული მიმართულება - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და უწყების კომპეტენციაში შემავალი პრიორიტეტული საკითხები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში დეზინფორმაციის კუთხით არსებული გამოწვევები, ხაზი გაუსვა მასთან გამკლავების მნიშვნელობას და აღნიშნულ პროცესში მედიის განსაკუთრებულ როლს. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე და აღნიშნა აქტუალური მიმართულებებით საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, რასაც ემსახურება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სემინარების ციკლი.
 
„განსაკუთრებით ჩვენს არაქართულენოვან მოსახლეობასთან მიმართებით, საზოგადოებრივი ინტეგრაციის პროცესზე, დეზინფორმაციის უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენის, ისევე როგორც მისი პრევენციის მექანიზმების განხილვა იყო, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარის ძირითადი მიზანი. ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და მოწვეული შესაბამისი სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, რეგიონულ ჟურნალისტებთან ვიმსჯელეთ მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ასევე დეზინფორმაციასთან გამკლავების პროცესში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.